bs

საბჭოთა ძაღლები კოსმოსში

bs პირველი რაც უმეტესობა ჩვენგანს სათაურის წაკითხვისას გაგვახსენდება რათქმაუნდა ბელკა და სტრელკა არიან. საყოველთაო მოსაზრებით სწორედ ისინი იყვნენ პირველი პიონერები კოსმოსში და მათი სახელები პატარებმაც კი იციან. თუმცა ცოტამ თუ იცის რომ ბელკასა და სტრელკას გარდა საბჭოელებმა 50-60 წლებში რაკეტით 57 ძაღლი გაუშვეს. ეს პოსტიც მათ ეძღვნებათ. ადამიანის ერთგულ მეგობრებსა და კოსმოსის პირველ მკვლევარებს.

სანამ პოსტის ძირითად ნაწილზე გადავალ მინდა გითხრათ, რომ აქ არ მოვყვები იმ ძაღლებზე, რომლებიც გეოფიზიკური რაკეტებით ატმოსფეროს ზედა ფენებში დაფინავდნენ. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 1951-დან 1966 წლამდე სწორედ ზემოთხსენებული ტიპის მფრინავი აპარატებით ტარდებოდა ცდები და დაინტერესების შემთხვევაში მოგაწვდით ლინკებსაც ცდების შესახებ.

მაშ ასე. ბელკას ვართმევთ, სტრელკას ვაძლევთ, გაგარინი არს ჩვენთან, ვიწყებთ!

Laika1. მინდა გაგიცრუოთ მოლოდინი და გითხრათ, რომ გავრცელებული აზრი იმის შესახებ რომ პირველები კოსმოსში ბელკა და სტრელკა გაფრინდნენ არის მცდარი. 1957 წლის 3 ნოემბერს, დილის 6-ის ნახევარზე, ციმბირული ნაგაზი ლაიკა კოსმოსურ ხომალდ “სპუტნიკ-2”-ით კოსმოსში გაფრინდა და გახდა პირველი ცხოველი რომელიც გავიდა დედამიწის ორბიტაზე. ლაიკა იმ დროისთვის უკვე 2 წლის გახლდათ. სამწუხაროდ იმ დროისთვის მისი უკან დაბრუნების ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობდა. ძაღლი გაფრენიდან 5 საათში დაიღუპა. თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ის მინიმუმ 1 კვირა მაინც იცოცხლებდა.

Lisichka and Chayka 2. ლისიჩკა და ჩაიკა კოსმოსში 1960 წლის 28 ივლისს გაფრინდნენ ახალი ტიპის კოსმოსური ხომალდით Восток 1К № 1. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ლისიჩკა მთავარი კოსნტრუქტორის ს.პ კოროლიოვას საყვარელი ძაღლი იყო და მან გაფრენის წინ ძაღლს უთხრა: “ძალიან მინდა რომ დაბრუნდე”. აფრენიდან 19 წამში გ ბლოკი წყობიდან გამოვიდა და ხომალდი მიწას დაენარცხა. ორივე ძაღლი დაიღუპა. ამ ფაქტის შემდეგ კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს შეემუშავებინათ კოსმონავტების ავარიული შემთხვევებისაგან გადარჩენის სისტემა არამარტო ფრენისას, არამედ მომზადებისა და გაშვების მომენტშიც.

Belka and Strelka 3. აი ისინიც. ბელკა და სტრელკა პირველი არსებები გახდნენ, რომელთაც დეადმიწის ორბიტაზე 24 საათი გაატარეს და დედამიწაზეც მშვიდობიანად დაეშვნენ. ამ დროში მათმა ხომალდმა სპუტნიკ 5-მა პლანეტის ირგვლივ 5 სრული წრის დარტყმა მოასწრო. პროექტის წარმატებით დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ სტრელკას 6 ლეკვი გაუჩნდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ჟაკლინ კენედის გადასცეს საჩუქრად.

Pcholka and Mushka 4. პჩოლკა და მუშკა კოსმოსში 1960 წლის 1 დეკემბერს გაფრინდნენ “სპუტნიკ 6”-ით. ხომალდმა ბელკასა და სტრელკას ხომალდის მსგავსად 24 საათი გაატარა ორბიტაზე და 17-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. თუმცა ექსპერიმენტის დასასრულისას მწყობრიდან გამოვიდა სამუხრუჭე სისტემა. ხომალდმა ტრაექტორია შეიცვალა და დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის შემთხვევაში სხვა ქვეყნის საიდუმლო ობიექტს დაეცემოდა, ამიტომაც ხომალდს ატმოსფეროში შემოსვლის უფლება არ მისცეს და ამუშავდა თვითგანადგურების სისტემა. პჩოლკა და მუშკა დაიღუპნენ.

Zhulka and Zhemchuzhina 5. ჟულკა და ჯემჩუჟინა, ასევე ცნობილები როგორც ჟულკა და ალფა და კომეტა და შუტკა, კოსმოსში 1960 წლის 22 დეკემბერს გაფრინდნენ ხომალდით სპუტნიკ 7-1. სტარტიდან ცოტა ხნის შემდეგ მათ ხომალდს აირგენერატორის პრობლემა შეექმნა, რამაც მისი კურსიდან გადახრა გამოიწვია. 214კმ სიმაღლის მიღწევის შემდეგ მოხდა ავარიული გამოყოფა და კაფსულა დაეშვა სწორედ იქ, სადაც თავის დროზე ცნობილი ტუნგუსის მეტეორი. კოსმონავტების მოსაძებნად მაშინვე გაეშურა ბრიგადა. საძიებო სამუშაოებს ართულებდა ძალიან დაბალი ტემპერატურა, რის გამოც კაფსულა მხოლოდ 25 დეკემბერს აღმოაჩინეს. მაშველთა გასაოცრად ძაღლები ცოცხლები აღმოჩნდნენ. 1985 წელს ამ შემთხვევაზე გადაიღეს მხატვრული ფილმი “უცხოპლანეტელების ხომალდი”.

Chernushka 6. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვდა კოსმოსში ადამიანის გაშვებას, კოროლიოვმა გადაწყვიტა პროექტი განეხორციელებინა, მხოლოდ მას შემდეგ რაც კიდევ ორ ფრენას განახორციელებდა ძაღლებით. 1961 წლის 9 მარტს აფრინდა ხომალდი სპუტნიკ 9, რომლის ერთადერთი ცოცხალი მგზავრიც ჩერნუშკა იყო. ხომალდში აგრეთვე იმყოფებოდა მანეკენი, რომელსაც პირობითად ივან ივანოვიჩი დაარქვეს. ფრენა წარმატებით დასრულდა და ერთ კვირაში კაფსულა დედამიწაზე დაბრუნდა.

Zvyozdochka 7. 1961 წლის 25 მარტს კოსმოსში ადამიანის გაფრენამდე 18 დღეღა რჩებოდა, როდესაც ბაიკანურის გამშვები პუნქტიდან სტარტი აიღო ხომალდმა. კოსმონავტს რომელსაც სახელად უდაჩა ერქვა, გაფრენის წინ იური გაგარინმა უწოდა ზვიოზდოჩკა. ძაღლთან ერთად რაკეტის ბორტზე იმყოფებოდა უკვე გამოცდილი “კოსმონავტი”, მანეკენი ივან ივანოვიჩი. ფრენისას მოხდა ფოტოდაზვერვისთვის საჭირო აპარატურის გამოცდაც, რომელმაც სურათები გადაუღო რამოდენიმე ობიექტს თურქეთსა და აფრიკის კონტინენტზე. მისია წარმატებით დასრულდა და კოსმონავტები მშვიდობიანად დაუბრუნდნენ დედამიწას.

Уголек и Ветерок 8. ბოლო მისია, რომელიც ჩატარდა ფარგლებში “ცხოველები კოსმოსში” მიზნად ისახავდა ადამიანისთვის ხანგრძლივი ფრენისთვის საჭირო პირობების შექმნასა და გამოცდას კოსმოსურ ხომალდში. ფრენისთვის შეირჩნენ არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი უჯიშო ძაღლები უგოლიოკი და ვეტეროკი. ხომალდმა “კოსმოს 110” ღია სივრცეში 23 დღე გაატარა და წარმატებით დაეშვა დედამიწაზე. თუმცა “პილოტების” მგდომარეობა მეტად სავალალო გახლდათ. ძაღლები საშინლად გამხდრები და დასუსტებულნი დაბრუნდნენ, მათ ფეხზე დგომაც კი არ შეეძლოთ. მაგრამ საბედნიეროდ კარგი მოვლის შემდეგ ისინი გადაურჩნენ სიკვდილს და საკმაოდ დიდი ხანიც იცოცხლეს.

ბოლოს მინდა დავამატო, რომ ამ ძაღლების ღვაწლი განუზომელია კოსმოსის ათვისების საქმეში და მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ დღეს იური გაგარინისა თუ ნილ ამსტრონგის სახელები ყველას პირზე აკერია.

4868b5e412b35b5f

For a Minor Reflection

For A Minor Reflection

“ბენდი, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს უფრო მაგარი ვიდრე Mogwai” – Sigur Rós

წარმოიდგინეთ: ტრეკს იწყებს კლავიში წყნარი, მონოტონური, ლამაზი ჟღერადობით – თითქოს არაფერი, მაგრამ იმდენა ლამაზი, რომ გგონია კიდევ ერთ ძალიან კარგ ნეო კლასიკას ისმენ, ცოტა ხანში გიტარის ჟღერადობა შემოდის, რომელიც მელოდიის მთავარ არსს იმეორებს, მაგრამ აბსოლუტურად სხვაგან თავის სამყაროში, ანალოგიურად დრამი. თითქოს მუსიკა ფენებად ეწყობა იზილება, სწრაფდება, ფეთქდება, ყოველგვარ საზღვრებს ცდება, დუღს და გადადუღს, გგონია, რომ ეს უკვე კულმინაციაა, მაგრამ არა. ისევ და ისევ, ისევ და ისევ, გიტარის ჟღარუნი ყურს გჭრის, უსმენ საოცრად მელოდიურ ხმაურს და უცებ: მოწყვეტით, მოულოდნელად სიჩუმე. მერე ისევ კლავიში და ტრეკიც მორჩა. გილოცავთ, გადადით შემდეგ ტრეკზე და ისევ წარმოიდგინეთ!

როცა სულ რაღაც ოცი წლისები ხართ და თქვენზე ეპიგრაფად წამძღვარებულ სიტყვებს ამბობს ერთ-ერთი საუკეთესო ბენდი პოსტ-როკის ისტორიაში და არა მარტო ამბობს, ევროპის ტურნეზე გეპატიჟებათ, რათა მათთან ერთად გამოხვიდე, ეს სულ მინიმუმ იმას ნიშნავს რომ მაგარ მუსიკას აკეთებ. მე სიგურ როსის წევრი არ ვარ, ამიტომ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ For a Minor Reflection ძალიან მაგარ მუსიკას აკეთებს. ჰო, ზემოთ მოყვანილი ლამაზი სიტყვებისა და წინადადებების გროვა ჩემს მიერ აღქმული ამ ჯგუფის მუსიკაა.

ისლანდიელების შექმნილ მუსიკას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. უბრალოდ შთამომავლობისთვის მცირე ბიოგრაფიული ექსკურსი: ბენდი დაარსდა 2005 წელს. წევრები არიან Kjartan Hólm, Guðfinnur Sveinsson, Elvar Jón Guðmundsson, Andri Freyr Þorgeirsson. ჩაწერილი აქვთ ორი ალბომი – Reistu þig við, sólin er komin á loft… და Höldum í átt að óreiðu. 2011 წელს გამოუშვეს ჯერ-ჯერობით მათი ბოლო ნამუშევარი EP-ის სახით. ახლა კი გახსენით ახალი ტაბი, შედით იუტუბზე და მერე ალბათ იცით რაც უნდა მოძებნოთ.

პ.ს. პოსტის ბოლოს, როგორც ყოველთვის ჯგუფის გამორჩეული სიმღერა. (ჩემი აზრით რათქმაუნდა).

Ensiferum-Unsung-Heroes

Ensiferum – Unsung Heroes

დიდი ხანია პოსტი არ დამიწერია, კიდევ დიდი ხანი არ დავწერდი, რომ არა ფინელი მგლები. 2009 წლის შემდეგ Ensiferum თითქოს დაიკარგა. მსმენელები დამეთანხმებით, რომ From Afar მეასედიც კი არ იყო იმის, რისი დაკვრაც ამ ჯგუფს შეუძლია. ალბომს ძალიან აკლდა ის კლასი და სუპერ შესრულება, რითიც ფინური ჯგუფი გამოირჩევა ჟანრში. 3 წელია ერთგული მსმენელები მოუთმენლად ველოდებით ენსიფერუმის ახალ ალბომს და აი დადგა ის სანატრელი ჟამი. 27 აგვისტოს ფინელი ფოლკ მეტალისტები ახალ ალბომის პრეზენტაციას მოახდენენ. მანამდე კი იმ ორ სიმღერაზე მინდა გესაუბროთ, რომლებიც 1 თვეა რაც ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდნენ და ჯგუფის ფანებს იმის იმედს გვაძლევენ, რომ ალბომი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება რაც ზოგადად ჟანრში რომელიმე ჯგუფს შეუქმნია.

სანამ კონკრეტულად Burning Leaves და In my Sword I Trust-ზე გადავალ, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და გამოვყო მომავალი ალბომის ყდა(როგორც ბრძენნი იტყოდნენ “ქავერი”). როგორც ყოველთვის ალბომ არტების გაკეთებაში ენსიფერუმს ბადალი არ ჰყავს. ნახატის თითოეულ დეტალს უდიდესი ემოცია მოაქვს და გამზადებს იმ მელოდიის მოსასმენად, რომელსაც ასე ელოდები და გიყვარს. ამ შემთხვევაშიც არ გამიცრუა მხატვარმა იმედები და საოცარი ქავერი შექმნა. ასეთი სრულყოფილად ეპიკური ნახატი კარგა ხანია არ მინახავს, რომელიმე ჯგუფს ალბომ ქავერად გამოეყენებინოს და ალბათ კარგა ხანს ვერც ვნახავ. თავად ნახეთ და შეაფასეთ.

ახლა რაც შეეხება უკვე გამოჩენილ ორ ტრეკს. აღსანიშნავია, რომ ერთისთვის ბიჭებმა კლიპიც გადაიღეს, რომლის Behind Scene-ბიც კარგა ხნის წინ გამოჩნდა იუტუბზე. In my Sword I Trust თვით სრულყოფილებაა. თემების და ტემპის ცვლა, კლავიშის ძალიან მაგარი ჟღერადობა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის გიტარებსა და დრამს. მშვენიერი ვოკალი, პეტრი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. კლიპი 8 აგვისტოს დაიდო იუტუბზე და დღევანდელი მონაცემებით (09/08/2012) უკვე 45000-ზე მეტი ნახვა აქვს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ჯგუფმა ნამდვილად მოანატრა თავი მსმენელს. მოკლედ 10/10

Burning Leaves – თითქმის იმავე დონის ტრეკი. აქაც ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, თუმცა განსხვავებით წინა სიმღერისგან ეპიკურობა და სიდიადე აკლია. თუმცა ეს გასაკვირი არც არის, In my Sword I Trust ის დონის სიმღერა ათწლეულში ერთი-ორი თუ შეიქმნება და ორივე ერთი ჯგუფის მიერ შესრულებული და ერთ ალბომში ცოტა უსინდისობა იქნებოდა. 9/10.

მოკლედ სულ ეს იყო. თქვენი არ ვიცი და მე პირადად მოუთმენლად ველოდები 27 აგვისტოს, თარიღს როცა ალბომი გამოვა. იმედი მაქვს, რომ ათივე დაანონსებული ტრეკი უმაღლესი დონის იქნება და Unsung Heroes ფოლკ/ვიკინგ მეტალის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო და თითით საჩვენებელ ალბომად შევა.

პ.ს. ვერ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ არ აღვნიშნო კიდევ ერთი გენიალური ფოლკ მეტალ ბენდის, Korpiklaani-ს ახალი ალბომის სიკარგე. ტყის ლოთი საძმო მსმენელს თითქმის ყოველ წელს ახალი ალბომით გვანებივრებს და ყოველი ახალი ნამუშევარი არაფრით ჩამოუვარდება წინას, ზოგჯერ უკეთესიცაა კიდეც, როგორც ეს Manala-ს შემთხვევაში მოხდა.

პ.პ.ს. ტრადიციულად პოსტის ბოლოს. ორივე ტრეკი Ensiferum-ის დაანონსებული ალბომ Unsung Heroes- იდან.

Battle Royale

Battle Royale

Battle Royaleმოდით ნაღდ, ეროვნულ, იაპონურ თრეშზე ვისაუბროთ ამ პოსტში. აი ისეთზე, სახეზე შეყინული ემოციებით, უაზრო წივილ-კივილით და ბევრი სისხლით რომ არის გაჯერებული, მაგრამ ჯამში მაინც საკაიფო რამე გამოდის.
მაშ ასე: თქვენს წინაშეა 2000 წელს, იმავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, კინძი ფუკასაკუს მიერ გადაღებული ფილმი “Battle Royale”

რის “Hunger Games” ხალხო, რა “Hunger Games”, ვინ უილიამ გოლდინგი, რა ბუზთა ბატონი. მიხვდით ალბათ, ამ ფილმშიც დაახლოებით მსგავსი სცენარია. 9-ე კლასელები უკაცრიელ კუნძულზე გადაჰყავთ, სადაც ისინი, მათი ნების საწინააღმდეგოდ თამაშ Battle Royale-ში იღებენ მონაწილეობას. თამაშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თანაკლასელებმა ერთმანეთი უნდა დახოცონ, რათა საბოლოოდ ერთი გამარჯვებული დარჩეს. მთავარი მოქმედი გმირი მასწავლებელია, კიტანო, რომელსაც სხვათაშორის არაადამიანურად მაგარი იაპონელი რეჟისორი ტაკეში კიტანო თამაშობს. მასწავლებელი აწვდის ბავშვებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვინ დაიღუპა, რომელია სახიფათო ზონა, ადგილი სადაც გაჩერება არ შეიძლება და.ა.შ. დანარჩენი უკვე ნერვების და ემოციების თამაშია. ზოგი ვერ გაიმეტებს მეგობარს მოსაკლავად, ზოგიც ცივსისხლიან მკვლელად ჩამოყალიბდება, ზოგი საერთოდაც თამაშს ტოვებს და თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.

ფილმის ყურებისას მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ზემოთხსენებული “ბუზთა ბატონის” ეკრანიზაციას ვუყურებდი, უფრო მეტი სისხლით, მეტი ემოციითა და ადამიანის არსის უფრო ღრმად შეცნობით. საბოლოო ჯამში ასეცაა. ვინ ვინ და იაპონელებმა ყველაზე კარგად იციან მსგავსი თემებით აპელირება და მაყურებლის მონუსხვა. აქაც იდეალურად ჩანს რად შეიძლება გადაიქცეს ერთი შეხედვით, წყნარი, მორიდებული და “ზუბრიაჩკა” ბავშვი დაუნდობელ სისხლისმსმელ მკვლელად, როგორ შეიძლება მოხდეს ადამიანის სრულყოფილი ტრანსფორმაცია და დეგრადირება. თანაც ამ ყველაფერს რეჟისორები ისე აკეთებენ, რომ ყველაზე უარყოფითი პერსონაჟების მიმართაც კი არ გიჩნდება ზიზღის გრძნობა.

საერთოდ ცალკე თემაა ფილმის მუსიკალური გაფორმება. მასზე მასამიჩი ამანომ და ვარშავის ფილამრონიულმა ორკესტრმა იმუშავეს და ძირითადად კლასიკური ნაწარმოებების (ვერდის რექვიემი, შტრაუსის რადეცკის მარში და.ა.შ) ფილმისთვის მორგებული ვერსიებია გამოყენებული, თუმცა ზოგჯერ იმდენად ცინიკურად და შოკისმომგვრელად არის კადრებთან შესაბამებული, რომ არ ვიცოდი ყურებისას მეხარხარა თუ შევძრწუნებულიყავი.

შეჯამება: თუ რკინის გული და ძლიერი ნერვები გაქვთ, სისხლის (გადამეტებული, სასტიკი სცენების) ნახვა არ გაფრთხობთ და მსგავსი თემატიკა გიზიდავთ, მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა. ნახეთ აუცილებლად და მერე თუ გინდათ Hunger Games-ზე ვიმსჯელოთ. (რომელიც სხვათაშორის პირველი წაკითხვით მომეწონა)

პოსტის ბოლოს ერთ-ერთი შოკისმომგვრელი და ამავდროულად უგენიალურესი სცენა ფილმიდან:

Avalon

Avalon

Avalonის ავალონი, რომელზეც ამ პოსტში მექნება საუბარი სულაც არ გახლავთ მითიური კუნძული, რომელზეც ლეგენდების თანახმად ექსკალიბური გამოჭედეს და სადაც მეფე არტური იქნა დაკრძალული. ამ შემთხვევაში ავალონი თამაშია. არალეგალური ვირტუალ-რეალითი მილიტარი RPG, სადაც გარდა იმისა, რომ ფულს შოულობ დიდი შანსია ტვინი დაგიზიანდეს და სამუდამოდ საწოლს მიჯაჭვული დარჩე.

2001 წელს გენიალურმა იაპონელმა რეჟისორმა მამორუ ოშიმ “ავალონი” გადაიღო. არცთუ ისე შორეული მომავალი, ქვეყანაში მასობრივი დეპრესიაა, ერთადერთი რამ რითაც შეიძლება თავი გაიტანო და შიმშილით არ მოკვდე, სწორედ ზემოთხსენებული თამაშია. ხალხიც თამაშობს, როგორც ყველგან აქაც ყველას თავისი ლეველი აქვს. ზოგი C კლასის გახლავთ, ზოგი B, ფილმის მთავარი გმირი ეში (მსახიობი მალგორზატა ფორემნიაკი) კი უმაღლესი დონის მებრძოლია. ფილმი კლასიკურად ოშის სტილშია გადაღებილი. ბნელი, ერთფეროვანი გარემო, უამრავი ფილოსოფიურ-სააზროვნო დეტალი, რის გამოც შეიძლება ერთი შეხედვით მოსაწყენ და გაწელილ ნამუშევრად მოგეჩვენოთ, თუმცა დამერწმუნეთ ასე არაა. ფილმის სიუჟეტი ძალიან ჰგავს მატრიცას, აქაც რამდენიმე რეალობა არსებობს, ეკრანზე რიცხვების თამაში, ბიშოპი, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება არქიტექტორის პროტოტიპად მოვიაზროთ. მოკლედ ნახვისას ბევრი რამე მოგაგონებთ ვაჩოვსკების გახმაურებულ ტრილოგიას. ფორუმებსა და ბლოგებზე ბევრი იწუენბდა ფილმს და მატრიცის უხარისხო კლონად მოიხსენიებდა, თუმცა მე პირადად სიუჟეტი და ის იდეა, რომელიც ოშიმ გააჟღერა ბევრად უფრო მომეწონა ვიდრე ვაჩოვსკების კინო ვერსია. ბევრი მომენტია აგრეთვე რაც იმავე მამორუ ოშის შექმნილ სხვა შედევრ, “Ghost in The Shell” მოგვაგონებს. თუნდაც ეშის ძაღლი, ბასეტის ჯიშის ნაგაზი რომელიც თითქმის ყველა ანიმესა თუ ფილმში ოშის ფავორიტია, Ghost in the Shell-ში ზუსტად ასეთივე ძაღლი ჰყავს მთავარ გამომძიებელ ბატუს.

ფილმის სიუჟეტს სპეციალურად არ მოგიყვებით და არანაირ მინიშნებასაც არ მოგცემთ. შეიძლება მე სხვანაირად აღვიქვი და გავიგე ეს ფილმი, თქვენ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება გქონდეთ. მოკლედ ნახეთ და კომენტარებში შეგვიძლია ვისაუბროთ. ერთს გეტყვით კიბერპანკის და სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს ფილმი ძალიან მოგეწონებათ. წესით არც მატრიცის ფანები უნდა დარჩეთ უკმაყოფილო.

პ.ს. კინაღამ დამავიწყდა აღმენიშნა. ფილმის კომპოზიტორი ლეგენდარული იაპონელი, ოშის ფილმების შეუცვლელი გამფორმებელი, როგორც მას უწოდებენ “იაპონელი ჰანს ციმერი” კენძი კავაი გახლავთ. მისი მუსიკა ერთ-ორად საინტერესოს და მუღამიანს ხდის ფილმს.

Danger Days - The True Lives of the Fabulous Killjoys

Danger Days: The True Lives of the Fabulous Killjoys

Danger Daysეს პოსტი ჩემი ქიმიური რომანსის მეოთხე სტუდიურ ალბომს ეძღვნება. სიმართლე რომ გითხრათ ამ ჯგუფს მეტად იშვიათად ვუსმენ, ხასიათების ჯგუფია, შეიძლება ერთ დღეს გადაგეკეტოს და მთელი დისკოგრაფია ერთი ამოსუნთქვით მოისმინო, მაგრამ ზოგჯერ ისე გავა თვეები არც კი გაგახსენდება ხოლმე. ძალიან კარგად მახსოვს პირველად “Helena”-ს მოვუსმინე მიუზიქ ბოქსზე წლების წინ, მას შემდეგ რამოდენიმე ტრეკი იყო, რომლებიც ამოჩემებული მქონდა და პერიოდულად ვუსმენდი. Welcome to the Black Parade, Helena, I’m not Okay(I Promise) და Na Na Na. სწორედ ამ უკანასკნელმა ტრეკმა, უფრო სწორად კი კლიპმა რომელიც ამ სიმღერისთვის გაკეთდა გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა. ვიდეოში უცნაურად ჩაცმული, საინტერესო იარაღებით არჭურვილი Fabulous Killjoys ვიღაცეებს ებრძვიან. თან ისე მთავრდება კლიპი რომ მათი ისტორია ბოლომდე არ ირკვევა. ამ ფაქტმა დამაინტერესა და გადავწყვიტე ალბომი მომესმინა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

მოქმედება ზემოთხსენებული Fabulous Killjoys ცხოვრებაზეა და 2019 წლის პოსტ-აპოკალიპტურ, პოსტ 2012-ეულ კალიფორნიაში ვითარდება. Party Poison, Jet Star, Fun Ghoul, და Kobra Kid, ოთხი კილჯოი, რომლებიც ბენდის წევრების ალტერ-ეგოები არიან, აჯანყებულთა დაჯგუფებაა, რომლებიც კორპორაცია Better Living Industries-ის და მისი დამაარსებლის წინააღმდეგ იბრძვიან. აჯანყებულების ლიდერი პირატული რადიოს დიჯეი Dr.Death-ია, რომელსაც სხვათა შორის სტივი მონტანო ახმოვანებს. ასევე ჩნდება პერსონაჟი (ერთ-ერთი მთავარი) Missile Kid, რომელზეც ფაქტობრივად ორივე კლიპის მოქმედებაა აგებული. (Na Na Na და SING). Na Na Na-ში კიდს იტაცებენ, ხოლო აჯანყებულებს ამარცხებენ, SING კი ბავშვის გასათავისუფლებლად ჩატარებულ ოპერაციაზე მოგვითხრობს, სადაც მართალია კილჯოები იღუპებიან, მაგრამ Kid-ს Dr.Death გადაარჩენს.

ეს რაც შეეხებოდა კონცეპტს. დანარჩენი ტრეკებიც, რომლებზეც კლიპები არ არის გადაღებული (ვისურვებდი რომ ყოფილიყო) ძალიან კარგი მოსასმენია და მე გულწრფელად გირჩევთ არ დაიშუროთ სულ რაღაც 54 წუთი და ალბომი მთლიანად მოისმინოთ.

პ.ს. პოსტის ბოლოს ტრადიციულად ალბომიდან ერთი ტრეკის დადება მინდა. ეს სიმღერა ჩემი ფავორიტია და აგერ უკვე 1 კვირაა გადაბმულად ვუსმენ. ნახეთ თქვენც:

Andromeda Nebula

ივან ეფრემოვი – ანდრომედას ნისლეული

Andromeda Nebula1956 წელს ივან ეფრემოვმა დაწერა რომანი, რომელსაც პირადად მე მისი შემოქმედების მწვერვალად ჩავთვლიდი. წიგნს ყველაფერი აქვს იმისათვის რომ აღაფრთოვანოს არამარტო საი-ფაის მკითხველი, არამედ ზოგადად ლიტერატურის მოყვარული ადამიანი.
მოქმედება შორეულ მომავალში ხდება, სადაც ადამიანებმა უკვე გამოიგონეს მეზონური ძრავა და მისი საშუალებით იქამდე წარმოუდგენელ მანძილებზე, შორეულ კოსმოსში მიფრინავენ. დედამიწა ე.წ. რკალის წევრია, საგალაქტიკათშორისო გაერთიანების, სადაც სხვადასხვა კულტურისა და განვითარების რასები, ერთმანეთს აცნობენ თავიანთი მიღწევებისა თუ ევოლუციის ისტორიის დეტალებს. ამ ყველაფერს კი ფონად დიდი ადამიანური სიყვარულის ისტორია გასდევს.
პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად მომეწონა წიგნში წერის სტილი იყო. ორად გაყოფილი სიუჟეტი, რომელთან მოქმედებაც სხვადასხვა ადგილას ვითარდება და ელოდები მომენტს როცა ისინი შეერთდებიან. “ანრდრომედას ნისლეულიც” ასეა: ერთის მხრივ ერგ ნოორი თავისი კოსმოსური ხომალდით შავი ვარსკვლავის ტყვეობაშია, მეორეს მხრივ კი ვედა კონგი და დარ ვეტერი დედამიწაზე ცდილობენ პრობლემების გადაჭრას.

როგორც უმეტესობა საბჭოთა ფანტასტებისა, ეფრემოვიც ვერ გაექცა პოლიტიკური კონიუნქტურის ჩარჩოებს. აქაც ყველაფერი კომუნიზმის დიდებულ და აყვავებულ ხეზეა ამოზრდილი. წიგნში არის გვერდები, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ქება-დიდებაა კომუნისტური პარტიისა. თუმცა ეს აშკარად ყალბი მომენტები წიგნს სულაც არ უკარგავს ხიბლს და ჩემში პირადად აღარც გაღიზიანებას იწვევს. თუმცა იყო დრო მსგავსი რამე ლიტერატურაში ნერვებს მიშლიდა. აქ პირიქით. წიგნმა მოითხოვა ეს ყველაფერი.

ხელოვნების, უფრო კონკრეტულად კი ცეკვისა და მუსიკის მნიშვნელობისთვის ავტორს განსკუთრებულად აქვს ხაზი გასმული. არის წიგნში მომენტები, რომლებმაც ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველაფერი იმდენად რეალისტურად არის აღწერილი რომ კითხვისას მუსიკაც კი ჩამესმოდა, სიტყვებით გადმოცემული მუსიკა. მომენტებში წიგნი იმდენად საოცარია, რომ ჩემს პრინციპებსაც კი ვუღალატე და კითხვისას არაფერი ჩამირთავს, რასაც საუნდტრეკად გავაყოლებდი წიგნს (ასეთი რამ კი მეტად იშვიათად ხდება).

პოსტის ბოლოს გეტყვით, გირჩევთ, გთხოვთ კიდევაც რომ ეს წიგნი წაიკითხოთ. მერწმუნეთ წინ ძალიან დიდი სიამოვნება გელოდებათ.