Vampire Hunter D: Bloodlust

Vampire Hunter

ამ პოსტში ორი დღის წინ ნანახ ანიმეზე ვისაუბროთ. 2000 წელს იოშიაკი კავაჯირიმ, ჰიდეიუკი კაკუჯის ნოველის “D – Demon Deathchase”-ს მიხედვით გადაიღო ანიმე, რომელმაც მაშინვე მოიპოვა პოპულარობა არამარტო იაპონიაში. ამერიკაში ფილმი გამოსვლისთანავე აჩვენეს 6 კინოთეატრში და კრიტიკოსებმაც დადებითი შეფასება მისცეს.
ანიმე იწყება იმით, რომ ახალგაზრდა ქალს შარლოტას იტაცებს ბარონი მეიერ ლინკი, არისტოკრატი ვამპირი საოცარი შესაძლებლობებით. საოცრად შთამბეჭდავია ფილმის დასაწყისშივე ბარონის კარეტის გამოჩენა, ირგვლივ ყველაფერი ხმება და რკინის განათებული ჯვრები (რომელიც ვითომდა ვამპირებისგან თავდასაცავადაა გაკეთებული) მტვრად იქცევა. შარლოტას მამა და ძმა გოგონას დასაბრუნებლად დაიქირავებენ ნახევრად ვამპირ, ნახევრად ადამიან D-ს, რომელიც ყველაზე ცნობილი ვამპირებზე მონადირეა. თუმცა როგორც შემდეგში აღმოჩნდა D მარტო არაა ამ საქმეში, იმავე მიზნით მეიერ ლინკს სხვა მონადირეთა ჯგუფი დაედევნა.

რა მომეწონა ფილმში: ზოგადად ვამპირების თემატიკა საერთოდაც არ მხიბლავს ლიტერატურაში და მითუმეტეს არც კინოში, თუმცა ეს ანიმე იმდენად კარგადაა დახატული, რომ ყოველგვარი უკმაყოფილების გრძნობა პირველივე კადრებიდან გამიქრა. არანაირი გადაჭარბება და ნივრის აცმულები ანიმეში არ გვხვდება, პირიქით, საკმაოდ კარგად გაკეთებული ბატალური სცენები, მშვენიერი საუნდტრეკი და საინტერესო სიუჟეტი ფილმს ხდის ყურებადს, ვერც კი გავიგე როგორ გავიდა 97 წუთი, მეტიც უკმარისობის შეგრძნებაც კი დამეუფლა გენიალური ფინალის შემდეგ და სიამოვნებით ვნახავდი D-ს ახალ ისტორიებს, ბუნებრივია თუ კავაჯირი ტემპს არ დააგდებს და ამავე დონის ანიმაციურ ფილმს შექმნის.

მგონი აქ გავჩერდე ჯობს. ნახეთ ფილმი თუ ჯერ არ გინახავთ და გამიზიარეთ შთაბეჭდილებები. ანიმე ოდნავ მაინც თუ გიყვართ, წესით ესეც უნდა მოგეწონოთ.

2 thoughts on “Vampire Hunter D: Bloodlust

  1. aaa, mgoni vici es.. am naxevrad vampir naxevrad adamians sakutari xelis mtevani elaparakeba xo? da tan mamis mxriv (anu vampirebis) didgvarovnis sisxli uchuxs

Leave a comment