პარუირ სევაკი – იქმენინ ნათელი

პარუირ სევაკი 1924 წლის 26 იანვარს დაიბადა სომხეთის ქალაქ ჩანახჩში. დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორკის ლიტერატურის ინსტიტუტი ქალაქ მოსკოვში.
სევაკი 20-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო სომეხ პოეტად ითვლება. სიმართლე რომ გითხრათ მის შესახებ გაგებულიც კი არ მქონდა, სანამ ექს ლიბრისში, სრულიად შემთხვევით არ აღმოვაჩინე, რომ თურმე გივი შაჰნაზარს მისი ლექსები უთარგმნია და კავკასიურ სახლს წიგნადაც გამოუცია. ვიქნები გულწრფელი და პოეზიის თაროზე დადებულ, უცხო ავტორის წიგნს ყურადღებასაც არ მივაქცევდი, გარეყდას რომ არ მოვეხიბლე. ერთი მხრივ სიცოცხლის ხე, ხოლო მეორეს მხრივ ამ ხის საოცარი მსგავსება ატომურ სოკოსთან სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე წიგნი ხელში ამეღო, გადამეშალა და…

გადავშალე და დაიწყო მაგრამ რა დაიწყო. საოცრად საინტერესო ლექსები. უდიდესი გრძნობით დაწერილი მინი შედევრები. ზოგჯერ ვერც კი წარმომედგინა როგორ შეეძლო სევაკს ასეთი ძლიერი პოეზიის შექმნა, მაგრამ ფაქტი ჯიუტად მარწმუნებდა, რომ მე არამარტო ამიერკავკასიის, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო პოეტს ვკითხულობდი (ბევრი შემომედავება, ასე რომ ჩემი აზრით საუკეთესო პოეტს).
ასე, რომ თუ გიყვართ პოეზია, მერწმუნეთ არაფერს არ დაკარგავთ, პირიქით ძალიან ისიამოვნებთ ამ პოეტის გაცნობით.
წიგნის ყიდვა ექს-ლიბრისში (ალ.ყაზბეგის 24) ან სანტა ესპერანსაში (სანქტ-პეტერბურგის 12) შეგიძლიათ სულ რაღაც 7 ლარად. გისურვებთ წარმატებებს და შთაბეჭდილებები გამიზიარეთ.

პ.ს. ქართულად ონლაინ მისი რამოდენიმე ლექსის წაკითხვა ლიტსახელების ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ.
პ.პ.ს. პოსტის ბოლოს ტრადიციულად რამეს დავდებ ავტორის შემოქმედებიდან. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ლექსი სევაკისა. (თარგმანი სომხურიდან ეკუთვნის გივი შაჰნაზარს.)

შემოდგომური ვალსი

პირი შეუკრავთ ერთმანეთთან
გულმავიწყ წვიმას
და მხდალ ქარს ისე, – ქვეყნის სურვილს არც დაუდევენ
და შესდგომიან საქმეს –
გვალპობს…
მოწყენილობა!
ფოთლები ისევ შეთქმულები არიან ახლაც
და უკვე ხეთა, ხეთა მწვანე საწარმოები
აღარ უშვებენ… აღარც ჟანგბადს,
არც ყვითელ შრიალს,
დასწყევლის ღმერთი!..

ყოველ ჩვენგანში – დაფლეთილი მოწყენილობა
ოცნებობს მხოლოდ მეძველმანის გამოჩენაზე;
ნეტავ, მავანის ხრინწიან ხმას ჩვენი ფანჯარა
შემოეგლიჯა და ოთახში შემოსულიყო –
“მოწყენილობას, ვიძენ ძველმან… მოწყენილობას!”
და ახლა ყველა სანახევროდ ვართ მარტოსული
და ახლა ყველა სანახევროდ ვართ ნაღვლიანი –
დაქანცულები ყველაფრისგან, ყოველივესგან –
მიხრა-მოხრაა,
ფიქრია თუ წეს-ჩვეულება!..

ჰაერს ადედებს ჯანღი,
ნისლით ზეცა დაბლდება,
რომ გააწვრილოს მოთმინების ძაფი და როცა
თითისტარიდან… მაღლა ავა… გაწყდეს წივილით.

და ახლა ყველა ცუდ რამეებს თუღა ვიხსენებთ,
ყველა ჩვენგანი პესიმისტად გადაქცეულა,
შეგვზიზღებია ყოველივე, –
ჩვენი თავიც კი!
და ჩვენს ჩახაშმულ სიფათიდან ქირქილი წვეთავს,
როგორც ყოველ ხეს კანტიკუნტი ფოთოლი სცვივა,
ვით ღარს საწვიმარს წვირიანი სდის წვიმის წყალი,
ლავგარდანს – მღვრიე წვეთები და სულს… ჩაჟანგული
მოწყენილობა!
წვეთავს!.. წვეთავს!..
დასწყევლის ღმერთი!

ეს გულმავიწყი წვიმა და ეს მშიშარა ქარი,
თხელი ნაღველი და მსუქანი… მოწყენილობა,
ეს – რაღაც ცუდი და ამ ცუდზე სხვა უკეთური
დაწყვილებულან
და ცეკვავენ, ცეკვავენ ახლა
ქუჩაში,
სახლში
და ჩვენს ვიწრო, ვიწრო ოთახში!
ცეკვავს ამავე ძველ და ახალ ვალსს დედამიწაც
და წელიწადის ოთხივე დროც იგივეს ცეკვავს,
იგივეს ცეკვავს თვით ცხოვრებაც,
აზრიც იგივეს!
ეს რა სიგიჟე დატრიალდა, –
დასწყევლის ღმერთი!..

და რაღა რჩება, რომ ვაკეთოთ?!. (მოწყენილობის
მყიდველი არ ჩანს,
ყველა ჩვენგანს გაყიდვა უნდა!)
მოდი, მეწყვილედ ავირჩიოთ…
მოწყენილობა!
და ჩვენც ვიცეკვოთ,
ჩვენც ვიცეკვოთ –
როგორც გიჟებმა –
გამგიჟებელი ეს ძველი და ახალი ვალსი! –
დავიწროებულ და მწუხარე ჩვენსავე სულში! –
და რაც მოხდება, დაე მოხდეს –
დასწყევლის ღმერთი!..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s