Battle Royale

Battle Royale

Battle Royaleმოდით ნაღდ, ეროვნულ, იაპონურ თრეშზე ვისაუბროთ ამ პოსტში. აი ისეთზე, სახეზე შეყინული ემოციებით, უაზრო წივილ-კივილით და ბევრი სისხლით რომ არის გაჯერებული, მაგრამ ჯამში მაინც საკაიფო რამე გამოდის.
მაშ ასე: თქვენს წინაშეა 2000 წელს, იმავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, კინძი ფუკასაკუს მიერ გადაღებული ფილმი “Battle Royale”

რის “Hunger Games” ხალხო, რა “Hunger Games”, ვინ უილიამ გოლდინგი, რა ბუზთა ბატონი. მიხვდით ალბათ, ამ ფილმშიც დაახლოებით მსგავსი სცენარია. 9-ე კლასელები უკაცრიელ კუნძულზე გადაჰყავთ, სადაც ისინი, მათი ნების საწინააღმდეგოდ თამაშ Battle Royale-ში იღებენ მონაწილეობას. თამაშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თანაკლასელებმა ერთმანეთი უნდა დახოცონ, რათა საბოლოოდ ერთი გამარჯვებული დარჩეს. მთავარი მოქმედი გმირი მასწავლებელია, კიტანო, რომელსაც სხვათაშორის არაადამიანურად მაგარი იაპონელი რეჟისორი ტაკეში კიტანო თამაშობს. მასწავლებელი აწვდის ბავშვებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვინ დაიღუპა, რომელია სახიფათო ზონა, ადგილი სადაც გაჩერება არ შეიძლება და.ა.შ. დანარჩენი უკვე ნერვების და ემოციების თამაშია. ზოგი ვერ გაიმეტებს მეგობარს მოსაკლავად, ზოგიც ცივსისხლიან მკვლელად ჩამოყალიბდება, ზოგი საერთოდაც თამაშს ტოვებს და თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.

ფილმის ყურებისას მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ზემოთხსენებული “ბუზთა ბატონის” ეკრანიზაციას ვუყურებდი, უფრო მეტი სისხლით, მეტი ემოციითა და ადამიანის არსის უფრო ღრმად შეცნობით. საბოლოო ჯამში ასეცაა. ვინ ვინ და იაპონელებმა ყველაზე კარგად იციან მსგავსი თემებით აპელირება და მაყურებლის მონუსხვა. აქაც იდეალურად ჩანს რად შეიძლება გადაიქცეს ერთი შეხედვით, წყნარი, მორიდებული და “ზუბრიაჩკა” ბავშვი დაუნდობელ სისხლისმსმელ მკვლელად, როგორ შეიძლება მოხდეს ადამიანის სრულყოფილი ტრანსფორმაცია და დეგრადირება. თანაც ამ ყველაფერს რეჟისორები ისე აკეთებენ, რომ ყველაზე უარყოფითი პერსონაჟების მიმართაც კი არ გიჩნდება ზიზღის გრძნობა.

საერთოდ ცალკე თემაა ფილმის მუსიკალური გაფორმება. მასზე მასამიჩი ამანომ და ვარშავის ფილამრონიულმა ორკესტრმა იმუშავეს და ძირითადად კლასიკური ნაწარმოებების (ვერდის რექვიემი, შტრაუსის რადეცკის მარში და.ა.შ) ფილმისთვის მორგებული ვერსიებია გამოყენებული, თუმცა ზოგჯერ იმდენად ცინიკურად და შოკისმომგვრელად არის კადრებთან შესაბამებული, რომ არ ვიცოდი ყურებისას მეხარხარა თუ შევძრწუნებულიყავი.

შეჯამება: თუ რკინის გული და ძლიერი ნერვები გაქვთ, სისხლის (გადამეტებული, სასტიკი სცენების) ნახვა არ გაფრთხობთ და მსგავსი თემატიკა გიზიდავთ, მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა. ნახეთ აუცილებლად და მერე თუ გინდათ Hunger Games-ზე ვიმსჯელოთ. (რომელიც სხვათაშორის პირველი წაკითხვით მომეწონა)

პოსტის ბოლოს ერთ-ერთი შოკისმომგვრელი და ამავდროულად უგენიალურესი სცენა ფილმიდან: